მოდილიანი
39, Тбилиси, Грузия

ანა ახმატოვას მოგონებებიდან
მოდილიანი არავის ჰგავდა, მისი ხმა სამუდამოდ ჩარჩა ჩემს გონებაში... უპოვარი იყო, ვერ გამეგო რით არსებობდა. როგორც მხატვარს, არავინ აღიარებდა.

მაშინ, 1911-ში, ფალგიერის ჩიხში ცხოვრობდა. ისეთი ღარიბი იყო, ლუქსემბურგის ბაღში ყოველთვის ძელსკამზე ვისხედით და არა ფასიან სკამებზე, როგორც მიღებული იყო. არასოდეს არაფერზე წუწუნებდა. არც შიმშილსა და უსახსრობას ახსენებდა, არც იმას, რომ მისი ხელოვნების არავის არაფერი გაეგებოდა... მხოლოდ ერთხელ 1911 წელს მითხრა, გასულ ზამთარს ისე ცუდად ვიყავი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასზეც კი ვეღარ ვფიქრობდიო.

მეჩვენებოდა თითქოს მარტოობის მყარი გარსით იყო შემოსაზღვრული. არ მახსოვს, ვინმეს მისალმებოდეს ლუქსემბურგის ბაღში ან ლათინურ კვარტალში, სადაც ყველა, ასე თუ ისე, ერთმანეთს იცნობდა. არ გამიგია მისგან არც ერთი ნაცნობის, მეგობრისა თუ მხატვრის სახელი. არ მომისმენია მისგან არც ერთი ხუმრობა. არასდროს მინახავს მთვრალი, არც ღვინის სუნი ასდიოდა ხოლმე. ალბათ, სმა მოგვიანებით დაიწყო, ჰაშიში კი უკვე ფიგურირებდა მის მონათხრობში. იმხანად ცხოვრების თანამგზავრი, მეგობარი ქალი არ ჰყავდა. არასოდეს მიამბობდა ნოველებს წარსულ სიყვარულზე (რასაც საუბედუროდ სხვები აკეთებენ ხოლმე), ჩემთან არაფერ მიწიერზე არ ლაპარაკობდა. თავაზიანი იყო, მაგრამ არა ოჯახიდან მიღებული აღზრდის, არამედ საკუთარი სულის სიმაღლის გამო.

15 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут